საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა საეიმას სპიკერთან

4 მარტს გაიმართა საქართველოს ელჩის, თეა მაისურაძის შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერთან, ინარა მურნიეცესთან. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში. ხაზი გაესვა მე-13 მოწვევის საეიმას ფარგლებში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის შექმნას. აღინიშნა 2017 წელს საქართველოში ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის ქვეყნების (NB8) პარლამენტის სპიკერების შეხვედრა და ამ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელება. 

საეიმას სპიკერმა საქართველოს მიულოცა პარლამენტის დაფუძნების 100 წლის იუბილე. 

ინარა მურნიეცემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისდამი ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა. საეიმას სპიკერის თქმით, ლატვია მოხარულია საქართველოს დაეხმაროს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ძალიან დიდი პროგრესი აქვს აღნიშნულ პროცესში გატარებული რეფორმების კუთხით, ფასდაუდებელია საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. 

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა საეიმას სპიკერს მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო სანდო პარტნიორია, რომელსაც ლატვიასთან ევროპული დემოკრატიის საერთო ფასეულობები და ღირებულებები აერთიანებს და ურყევად ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. 
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა თანამშრომლობის საკითხები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ტურიზმის და კულტურის სფეროში.