საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვახტანგ კახიძეს იანის დუმინშის სახელობის ჯილდო გადაეცა

30 მარტს, ქართველ დირიჟორსა და კომპოზიტორს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვახტანგ კახიძეს გადაეცა იანის დუმინშის ფონდის ჯილდო „შთაგონების ისტორია“. დაჯილდოების ცერემონია ლატვიის ქალაქ ბალდონეში გაიმართა. დაჯილდოების ღონისძიებაზე მიწვეულმა საქართველოს ელჩმა სიტყვით მიმართა მონაწილეებს და ხაზი გაუსვა ლატვია-საქართველოს კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში იანის დუმინშის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს. მისი თქმით, ვახტანგ კახიძის დაჯილდოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დუმინშის ფონდის ღონისძიებებში დიდი ადგილი უკავია საქართველოს და ქართულ კულტურას და ფონდი აგრძელებს იმ სულისკვეთებას, რასაც ემსახურებოდა დიდი მაესტრო იანის დუმინში. ლატვია-საქართველოს კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა ლატვიაში ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ.